ვარკეთილში ორი მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დამთავრდა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე 44 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის გამო მეზობლად მცხოვრებ 39 წლის მამაკაცს და მის 40 წლის მეგობარს სანადირო თოფიდან რამდენიმე ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.