თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს. ამ მიზნით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა, მისი მოწყობის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში აშენდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირდება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას, განაცხადა კალაძემ.