თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაგეგმილზე ადრე დაიწყება ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, რაც სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებაში შეუშლის ხელს, განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება - მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
„ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ასევე დუშეთისა და ახმეტის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში“, -განაცხადა თოდრაძემ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, აღწერა ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე 14-23 ნოემბერს, მონაცემები თვითრეგისტრაციის მეთოდით შეგროვდება, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, „საქსტატის“ პერსონალის დახმარების გარეშე შეავსებენ აღწერის კითხვარებს წინასწარ მომზადებულ ვებპლატფორმაზე.
მეორე ეტაპზე - 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, „საქსტატის“ მიერ მომზადებული 11 ათასამდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით „კარდაკარის“ პრინციპით გამოკითხავენ მოსახლეობას.
გარდა ამისა, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.
კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტი 29,2 მილიონ ლარს შეადგენს.
უწყებამ უკვე გამოაცხადა ვაკანსია აღმწერის პოზიციაზე, 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში შესრულებული სამუშაოსთვის პირი 750 ლარს მიიღებს.
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.
2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 4 მილიონ 371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3.729,635 ადამიანი შეადგინა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღწერა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ყველა ვინც პასუხობს კითხვებს, ვალდებულია მიაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია საკუთარ თავზე.
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.