თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს" წევრისათვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება მეორე მხარემ.
ამის შემდგომ ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო და ბრალდებულებმა მოდავე მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.