თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა კონტექსტის გარეშე მოიყვანა კანცლერ ოლაფ შოლცის ციტატა ძალადობის მიუღებლობის და ხალხის ხმის მნიშვნელობის შესახებ, რამაც ზოგ ,მედიას მისცა საშუალება ეს სიტყვები საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვის მიეწერათ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ელჩ ფიშერის მიერ გამოქვეყნებული სიტყვები გერმანიის კანცლერის გამოსვლიდან, საქართველოში „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მიაწერა: „ამ დღეებში (საქართველოში). პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები იზრდება. ამასთან გერმანიის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ ციტატებში საქართველო არ იყო ნახსენები.
„სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა კონტექსტის გარეშე მოიყვანა კანცლერ ოლაფ შოლცის ციტატა, რაც შემდეგ დეზინფორმაციის საფუძვლად იქცა და ოპოზიციურმა მედიამ იგი გააშუქა როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია", –განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ფიშერმა გერმანიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კანცლერის ციტატა გაავრცელა მანიპულაციურად და ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოსთან დაკავშირებით.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ფაქტია, რომ იყო გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, ხუთი წლის წინ კონკრეტული ადამიანის, ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობას და ხუთი წლის თავზე ამას ეძღვნებოდა გერმანიის კანცლერის მიმართვა. მიმართვა შეეხებოდა გერმანიაში დღეს არსებულ სიტუაციას, რომელიც ასევე ძალადობასთან არის დაკავშირებული“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
კასელის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი ვალტერ ლუბკე 2019 წელს მოკლეს. მას ახლო მანძილიდან მოკლელულიანი იარაღიდან თავში ესროლეს - ლუბკე 2 ივნისის ღამეს ვოლფჰაგენში, საკუთარი სახლის ტერასაზე იპოვეს.
სპიკერის თქმით, ძალზე სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
„თავისი წაყრუებით მან ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ცხრა პუნქტის სულისკვეთებას, როდესაც მოლოდინი არის, რომ დეზინფორმაცია იყოს შეზღუდული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გავრცელებული დეზინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.
მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღება ამჟამინდელი სახით მოხდება, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.