თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 14 მაისის პერიოდში სამართალდამცველებმა ცივი იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაახლოებით 1.473 ჯარიმა გამოწერეს, რომელთა დიდი ნაწილი დანის ტარებას უკავშირდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 700 ცივი იარაღის ტარებას ეხება, 512 - მარიხუანის მოხმარება-შენახვას, 261 კი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვას.
დანის ტარების აკრძალვა
საქართველოში ცივი იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
„იარაღის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ითვალისწინებს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
შსს-ს ცნობით, დანის ტარების ფაქტზე აღნიშნულ პერიოდში გამოიწერა 700 ჯარიმა, აქედან 462 თბილისში. იარაღის ტარების გამო დაჯარიმებული პირებიდან მხოლოდ სამი იყო ქალი.
ცივი იარაღის ტარებისთვის დაჯარიმდა 145 არარულწლოვანი - ნახევარზე მეტი თბილისში.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
შსს-ს მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 14 მაისის პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 11 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარი.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 512 შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.
ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 509 პირიდან ოთხი ქალია. საანგარიშო პერიოდში მარიხუანას შენახვაზე ასევე დაჯარიმდა ორი არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ ერთი პირი.
სხვა ნარკოტიკები არალეგალურია
საქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს 15 დღემდე ვადით.
რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 262 შემთხვევა - მათი 45% თბილისზე მოდის.
აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმებულთა შორის რვა ქალი და 60 წელს ზემოთ სამი პირია.
კრიმინალთან ბრძოლა საქართველოში
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს. შემოწმება გულისხმობს პირთა ზედაპირულ და დოკუმენტების შემოწმებას.
გარდა ამისა, პოლიციას აქვს უფლება, მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გაგზავნოს. 2024 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკზე ჩატარებული 1,4 ათასი შემოწმებიდან 1,1 ათას შემთხვევაში დადებითი შედეგი გამოვლინდა.