თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება, რომელმაც ერთადერთმა შეიტანა განაცხადი.
„უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა, შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია”, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარალელურად ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი.
პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი.
„ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 ათას კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7,8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესური”, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც „შუა დერეფნის" განვითარების თვალსაზრისით, ისე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით
საქართველო აქტიურად მუშაობს სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებაზე და ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაში განიხილება როგორც ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი შანსი შუა დერეფანში, მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
აპლიკანტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისგან შემოვიდა.