თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეზონანსულ კანონს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, ხელი მოაწერა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა, ოპოზიციონერებმა, ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, აშშ-მ, გაერომ, ეუთო/ოდირმა, ნატომ უკვე განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა მას „რუსული კანონი" უწოდეს.
„დღეს ხელი მოვაწერე კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კანონის მიდგომა უბრალო და გასაგებია.
„თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.