საქართველოში ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების მიღების პროცედურა გამარტივდება

ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც პაციენტებს მედიკამენტების მისაღებად ნაკლები დროის დახარჯვა მოუწევთ.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კლინიკებთან, რათა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მკურნალობის პროცესი გაუმარტივდეთ და მათთვის მედიკამენტები მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, განაცხადა მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.
„არსებობს გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართვასთან დაკავშირებით. პაციენტებს უწევთ ჯერ ნებართვის აღება, შემდეგ რეცეპტის მიღება, მედიკამენტის ქსელში მოძებნა, უკან დაბრუნება საავადმყოფოში და მკურნალობის მიღება – პროცედურები საკმაოდ გართულებულია. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რათა რაც შეიძლება ეფექტიანი, მარტივად ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკურნალობის მეთოდოლოგია", - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, მალე უწყება შეიმუშავებს ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც პაციენტებს მედიკამენტების მისაღებად ნაკლები დროის დახარჯვა მოუწევთ.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.