თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარიმებისგან 1.855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი გათავისუფლდება
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა”, -განაცხადა კობახიძემ მტავრობის სხდომაზე.
ჩამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 5 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.