თბილიაი, 3 ივნისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პოლიტიზირებას ცდილობენ, ისევე როგორც ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროექტი,ს განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
ოპოზიციურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფოს კერძო პარტნიორი გახდება პორტის მშენებლობის პროექტში, აშშ-სა და მსოფლიო ბანკის „შავ სიაშია". ამის საპასუხოდ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჩჟოუ ძიანმა განაცხადა, რომ აშშ-დან და ტაივანიდან დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები კონსორციუმის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის მეუღლის, თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ტაივანის ორგანიზაციების მიერ ფინანსდება.
„სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეს მცდელობები არაფრის მომცემი იქნება და ხელისუფლება გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის, რადგანაც ტრანსპორტი და დაკავშირებადობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრიორიტეტებია.
„ზოგადად, ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში. ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, თავის დროზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის, ჩინეთის და ირანის. ამიტომაც ბუნებრივია, რომ დღეს ეს ცალსახად მხოლოდ პოლიტიზებული საკითხია და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტურობასთან.
მისი თქმით, ის, რომ პროექტში ჩართული იქნება ჩინური მხარე, ეს დამატებით უპირატესობას შექმნის.
„ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა რეგიონში. მოდით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ „შუა დერეფანზე", ეს ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ევროპის დაკავშირებადობას გულისხმობს და აქ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილები", - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველო აქტიურად მუშაობს სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებაზე და ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაში განიხილება როგორც ტვირთნაკადის ზრდის დამატებითი შანსი შუა დერეფანში, მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პორტის პროექტი ძალზე კომპლექსური ეკოსისტემაა, ამიტომაც ის ვერ ხედავს რაიმე პრობლემას, თუ მასში სხვა პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმის შემადგენლობაში შემავალ კომპანიაზე.
ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს ამ პროექტის საქართველოში თავისუფლად განხორციელების საშუალება და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში განხორციელების საშუალება.
„მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. ამ კომპანიას არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ", განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჩინური კომპანია არ არის შეზღუდული არანაირ ფინანსურ ტრანსფერებში, ტრანზაქციებში, პროექტების განხორციელებაში და ა.შ.
„ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. პროექტის რეალიზაციაში სახელმწიფოს პარტნიორი კერძო ინვესტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte. Ltd) იქნება, რომელმაც ერთადერთმა შეიტანა განაცხადი.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%.
პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი.
ახალი პორტის მნიშვნელობა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.