თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. „აღშფოთებული მოქალაქეების“ უკან, რომლებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში „მონისა“ და „მოღალატის“ შეძახილებით ხვდებიან, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ დგას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში ოჯახთან ერთად სეირნობისას შეურაცხყოფა მიაყენეს. სანიკიძეს „სამშობლოს მოღალატე“ და „მონა“ უწოდეს. პირი, რომელმაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თამთა შამათავაა. აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია შექმნა.
„ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან დგას „ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი, მათი ყოველი აქტივისტის უკან კი „ევროპის სახალხო პარტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტში უმსხვილესი პარტიაა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის.
სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.