თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეიდან ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება 1ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.
თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი წელს საიუბილეოა და რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტები დედაქალაქის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება.