ეს დღე საეკლესიო კალენდარში ასევე არის მღვდელმოწამე პატრიკიოსის და მასთან სამი ხუცესის, მოწამე კალუთა ეგვიპტელის, წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის და დიმიტრი დონელის ხსენების დღე.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.
წმიდა ნინოს ხსენება საქართველოში წელიწადში ორჯერ აღნიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.
მღვდელმოწამე პატრიკიოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრი და პოლიენოსი
წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს.
იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტესო.
განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.
მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.
მოწამე კალუთა ეგვიპტელი
წმიდა მოწამე კალუთა ეგვიპტელი (284-308) ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს.
იოანე გუთელი ეპისკოპოსი
წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.
დიმიტრი დონელი
დიმიტრი დონელი იყო მოსკოვის დიდი მთავარი 1359-1389 წლებში. ივანე II-ის და ალექსანდრა ივანეს ასული ველიამიანოვას შვილი.
დიმიტრი დონელმა მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.
კულიკოვოს ბრძოლაში თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში.
ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა მას.
ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის „დონელი“ უწოდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით