თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფოს კერძო პარტნიორი გახდება ანაკლიაში საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების პროექტში, არ არის სანქცირებული და ახორციელებს პროექტებს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ კონსორციუმი შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკის შავ სიაშია შეყვანილი. ამის საპასუხოდ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ აშშ-დან და ტაივანიდან დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები კონსორციუმის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის მეუღლის, თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ტაივანის ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული.
„დოკუმენტაციას თავიდან ბოლომდე ვსწავლობთ და ცალსახად და პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი არ არის სანქცირებული“, - განაცხადა გურამიშვილმა.
კონსორციუმში შედიან ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited (СССС) და სინგაპურული კომპანია China Harbour Investment Pte. Ltd. ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, როგორც გურამიშვილმა განმარტა, აშშ-ის შეზღუდვები მოქმედებს.
„რაც შეეხება კონსორციუმში არსებულ კომპანიას, რომელიც დედა კომპანიაა, 2020 წელს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა CCCC-ი შეიყვანა სპეციალურ სიაში, რომელიც გულისხმობს ასეთ რაღაცას, რომ თუ ეს კომპანია და მასთან აფილირებული 5 კომპანია დააპირებს აშშ-იდან ექსპორტზე გაიტანოს რაიმე, ან რეექსპორტი გააკეთოს, ან ერთი კომპანიიდან მეორეში რაიმე ტრანზაქცია განახორციელოს, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოს“, - განმარტა გურამიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება არ გულისხმობს არ აქტივების გაყინვას, არც საქმიანობის აკრძალვას, არც ამერიკის რეზიდენტებს უკრძალავს და არც აშშ-ის გარეთ არსებულ ქვეყნებს განახორციელონ რაიმე სერვისის, მომსახურების მიღება ამ კომპანიისგან და მისი შვილობილი კომპანიებისგან.
„მეტსაც გეტყვით, ეს კომპანია CCCC-ი ახორციელებს ევროპაში ორ უმსხვილეს პროექტს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებული და კონსორციუმში შემავალი მისი შვილობილი კომპანია, რომელიც ასევე პრეტენდენტია ანაკლიის პროექტის რეალიზაციის, ახორციელებს აღმოსავლეთის და დასავლეთის ჩქარი მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობას საქართველოში“, - განაცხადა გურამიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ კონსორციუმი არ არის შეტანილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შავ სიებში.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A.) და ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმი (ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited და სინგაპურის კომპანია China Harbor Investment Pte Ltd).
აპლიკანტებს 20 მაისამდე უნდა წარმოედგინათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები და კომენტარები ხელშეკრულებაზე. წინადადებები მითითებულ ვადაში მხოლოდ ჩინეთ-სინგაპურის კონსორციუმისგან შემოვიდა.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.