სიღარიბის დონე საქართველოში - ბოლო მონაცემები

ქალაქებთან შედარებით, სოფლად გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც არ მიუწვდება ხელი მინიმალურ საარსებო საშუალებებზე
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატის“ მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ქალაქების მოსახლეობის 9,4% და სოფლების მოსახლეობის 15,6 პროცენტი. ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქად 2,9%-ით შემცირდა, სოფლად - 5%-ით.
აბსოლუტური სიღარიბე ასაკობრივ კატეგორიებს შორის ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე არიან ბავშვები და არასრულწლოვნები, ანუ 18 წელს ქვემოდ ასაკის მოქალაქეები. გასულ წელს მათი რაოდენობა იყო 16%, რაც 2022 წელთან შედარებით 4,3%-ით ნაკლებია.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0,36-ის ნიშნულზეა.
ჯინის კოეფიციენტი წარმოადგენს ცალკეულ პირთა ან საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გაფანტულობის საზომს. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს (აბსოლუტური თანასწორობა), ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია (აბსოლუტური უთანაბრობა).
0,02-ით გაზრდილია ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0,36-ს შეადგენს.