ძიუდო: საქართველო ოლიპიადაზე გუნდურ ტურნირზე პირველად იასპარეზებს

ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს
Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს შერეულმა ნაკრებმა, რომელშიც ექვს წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქალი და მამაკაცი სპორტსმენები შედიან, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია პირველად მოიპოვა - ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
პარიზში შეჯიბრებები ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მეორე დღეს დაიწყება. 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ერთ წონით კატეგორიაში ინდივიდუალური შეჯიბრებები ყოველ დღე ჩატარდება, 3 აგვისტოს კი შერეული გუნდური შეჯიბრებები გაიმართება.
ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.
საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.
რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.