ევრო 2024: ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია მესხის სტადიონზე გაიმართება

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
„ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გერმანიაში გამგზავრების სურვილი. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს. ამიტომაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება ეროვნულ ნაკრებს ვუგულშემატკივროთ“, - განაცხადა კალაძემ.
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამხანაგური მატჩისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები გუშინ ავსტრიის ქალაქ გეინბერგში გაემგზავრა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
სახელმწიფომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის დაასუბსიდირა ავიაბილეთები გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გუნდი მატჩებს გამართავს. სულ სუბსიდირებულია 3 ათასი ავიაბილეთი - 2 ათასი ბილეთი განკუთვნილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, 1 ათასი - ქუთაისის აეროპორტზე.
ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება195 ევრო იქნება, ორივე მიმართულებით - 390 ევრო.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.