თბილისი, 28 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალება მისცენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ.
დღეს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანებისთვის.
დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.