საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში მოემზადება

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ავსტრიის ქალაქ გეინბერგში გაემგზავრა, სადაც ამხანაგური მატჩისთვის და ისტორიული ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ავსტრიაში თბილისიდან გაემგზავრა, ძირითადი ნაწილი კი გეინბერგში იმ ქალაქებიდან ჩავა, რომელთა კლუბებშიც თამაშობენ.
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
„ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვარ არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი. ყველა ერთად მოვემზადებით ამ ისტორიული ტურნირისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც „კარლსრუეში" თამაშობს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად იბრძოლებს კონტინენტის პირველობისთვის, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
გარდა ამისა, სახელმწიფომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის დაასუბსიდირა ავიაბილეთები გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გუნდი მატჩებს გამართავს.
სულ სუბსიდირებულია 3 ათასი ავიაბილეთი - 2 ათასი ბილეთი განკუთვნილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, 1 ათასი - ქუთაისის აეროპორტზე.
ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანიაWizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით12 რეისს შეასრულებს.
ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება195 ევრო იქნება, ორივე მიმართულებით - 390 ევრო.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.