თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამი უწყების პირველ პირს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან.
ორშაბათს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა.
ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარდგება ლევან დავითაშვილი, „მინისტრის საათის" ფორმატში კი კანონმდებლები ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.
პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.
ასევე იგეგმება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
პარლამენტი ასევე განიხილავს დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.