ბორელი: თუ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება, ევროკავშირი ივნისში ზომებს მიიღებს

სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა რეზონანსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში ივნისში ევროკავშირი დაიწყებს შესაბამისი ზომების განხილვას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობა რეზონანსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. კანონი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ", - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა კი თქვეს, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
„ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბორელმა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ახსენეს კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის გათვალისწინებითაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალი არჩევნები. ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს და მთავრობის ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ,“, - აღნიშნა ბორელმა.
ვნებათაღელვა კანონპტროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.