თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ცვლილებები შერიტანა იმ ფეხბურთელების შემადგენლობაში, რომელბიც ევრო 2024-ზე გაემგზავრებიან - ჯაბა კანკავას ადგილს შვეიცარიული „ბაზელის” 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა დაიკავებს.
კანკავა იმ 26 ფეხბურთელს შორის იყო, რომლებიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2024-ზე ნაკრების შემაგდენლობაში შეიყვანა. გერმანიაში როგორც რიგითი გულშემატკივრის და არა ფეხბურთელის რანგში გამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები 38 წლის კანკავას, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი იყო, არ განუმარტავს.
„მინდოდა, რომ ჯაბა კვლავ ჩვენთან ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია იგი გუნდისთვის. პირადად ჩემთვის მისი გადაწყვეტილება ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იმავე პოზიციაზე მოთამაშით ჩანაცვლდეს და გუნდი დაბალანსებული იყოს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შეუერთდება შვეიცარიული „ბაზელის" მოთამაშე გაბრიელ სიგუა“, - განაცხადა სანიოლმა.
ჯაბა კანკავას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთთან მატჩში შედგა. ნაკრებში თავისი თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კანკავამ 101 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა ნაკრებში ბოლო მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში მარტში ჩაატარა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად იბრძოლებს კონტინენტის პირველობისთვის, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: გურამ კაშია (გუნდის კაპიტანი), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჭოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე;
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე;
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.