სტიქია საქართველოში - უამინდობამ კახეთი და ქვემო ქართლი დააზარალა

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები. წყალმა ასევე დატბორა ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება დატბორილ გზებს და ნაკვეთებ, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.
ქვემო ქართლში კი სტიქიამ გარესამყაროს 15-ზე მეტი სოფელი მოწყვიტა. ჩანგრეულია ხიდები. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მიუხედავად ამისა, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე შედეგებია მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში.
„ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ”, - განაცხადა დოხტურიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა.