თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვები პუნქტზე „სადახლო“დროებით შეჩერებულია მუშაობა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში ადიდებულმა მდინარე „დებედამ“ დააზიანა სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობა.
„შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე „ნინოწმინდისა“ და „გუგუთის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე.
ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო-გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და „სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.