თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 448 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 106 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე.
ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.