თბილისის მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის გასართობი ღონისძიებების პროგრამა მოამზადა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება. დედაქალაქის გარდა, საზეიმო ღონისძიებები რეგიონებშიც გაიმართება.
10:00 საათიდან 22:00 საათამდე რუსთველის გამზირზე სტუმრებს სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.
რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.
13:00-დან 16:30 საათამდე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.
17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები“, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.
გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.
უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრში სატრანსპორტო შეზღუდვებია დაწესებული. თავისუფლების მოედანზე სცენა და სხვა კონსტრუქციები მონტაჟდება.
ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.