თბილისი, 24 მაისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE-ზე 24 მაისის 13:00 საათიდან გაიყიდება.
20 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაასუბსიდირებს ავიაბილეთებს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, რომლებიც გერმანიაში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს დაესწრებიან.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ერთი მიმართულებით სუბსიდირებული ბილეთის ღირებულება195 ევრო იქნება, ორივე მიმართულებით - 390 ევრო.
ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას, ასევე მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე.
უწყების ინფორმაციით, შეძენილი ბილეთი დაბრუნება- გადაცვლას არ ექვემდებარება.
ევრო 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.
კერძოდ,Georgian Wings, Eurowings, Wizz Air დაHi Sky გერმანიის მიმართულებით და პირიქით, რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:
თბილისი-კიოლნი: 16, 17, 23, 24, 26 ივნისი
კიოლნი-თბილისი: 19, 20, 26, 27, 30 ივნისი
თბილისი-დიუსელდორფი: 16, 23 ივნისი
დიუსელდორფი-თბილისი: 20, 27 ივნისი
თბილისი-ჰამბურგი: 19, 20 ივნისი
ჰამბურგი-თბილისი: 23, 24 ივნისი.
ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანიაWizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეwww.wizzair.com ასევე დღეიდან იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო-თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო-ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო-პორტუგალია.
კონტინენტის პირველობამდე საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან აქვს დაგეგმილი.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, პრემიერ კობახიძის განცხადებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.