თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოფელ თლუღის ადგილობრივ მკვიდრს უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაჰქონდა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინეს.
უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოავლენის საშუალებას იძლევა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მკაცრი სანქციები ტარდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.