თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა და თემატური აქტივობები გაიმართება. მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი, ტრადიციული ღვინის გამოფენა, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრების წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე13:00-დან 16:30 საათამდე შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები გაიმართება.
17:00-დან17:40 საათამდე კი სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები" გაიმართება, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში. დილით, თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და სპორტული, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების წარმოდგენები.
თბილისის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.