თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად 179,2 ათას მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8,25% -დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 12,4 მლრდ ლარის სესხებია მიბმული.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. ცენტრალური ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, მინიმუმ შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაზე.
რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:
სამომხმარებლო – 77,6 ათასი სესხი 2,2 მლრდ ლარის მოცულობის.
იპოთეკური – 68,8 ათასი სესხი 3,7 მლრდ ლარის მოცულობის.
ბიზნეს სესხები – 31,6 ათასი სესხი 6,4 მლრდ ლარის მოცულობის.