რა ეშველება ლარს

რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია, განაცხადა ექსპერტმა
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8 GEL/$1 დონეზე შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია რყევები, განაცხადა Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ.
გასულ კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
„მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მცირე რყევები, მაგრამ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7-2,8 GEL/$1 ფარგლებში შენარჩუნდება. ამ მხრივ არ იქნება არანაირი ზეწოლა ინფლაციაზე. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა ქავთარაძემ.
მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოპოლიტიკური რისკებია.
„მიმდინარე პერიოდში, როდესაც წლიური ინფლაცია 1,5%-მდე გაიზარდა, ეს ნავთობპროდუქტის კომპონენტით იყო განპირობებული. მსოფლიო მასშტაბით მოხდა მცირე ზრდა და ეს იმპორტის ინფლაციის სახით გადმოგვეცა. თუმცა, მიმდინარე საბაზისო პროგნოზის თანახმად, იმპორტის ინფლაცია არ გაიზრდება იმ ხარისხამდე, რომ მან მთლიან ინფლაციაზე იქონიოს გავლენა“, - განაცხადა ქავთარაძემ.
2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.