პრემიერი ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში 19 მაისს დაიღუპა, როცა აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი დარჩიაშვილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
19 მაისს, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრები, რომლებიც აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ თეირანში ბრუნდებოდნენ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ვერტმფრენის ბორტზე ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, იმყოფებოდნენ თავრიზის იმამი მოჰამად ალი ალ-ჰაშემი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ხელმძღვანელი მალეკ რაჰმატი, ვერტმფრენის ეკიპაჟი და უსაფრთხოების ერთი ოფიცერი.
ირანის დელეგაცია ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობებს არჩევნების ჩატარებამდე შეასრულებს რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი - პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება 50 დღის ვადაში უნდა მოხდეს.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.