ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძოუდოისტი ზედიზედ მესამედ გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.
„მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს.ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ფინალურ ორთაბრძოლაში იასპარეზა დიმიტრი გოჩილაიძემაც (81 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა.
19 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელიც 24 მაისს დასრულდება. პრესტიჟულ ტურნირზე 107 ქვეყნის 658 ძიუდოისტი მონაწილეობს - 349 მამაკაცი და 309 ქალი.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.