თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში პროექტების განხორციელება 4,3 მლრდ ლარი დაჯდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა თავრობის სხდომაზე დამტკიცეს. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4, 3 მლრდ ლარია, საიდანაც 4,16 მლრდ ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებით გათვალისწინებული სახსრებია, ხოლო 118,9 მლნ ლარი დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს შეადგენს.
სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მიმართულია სამ ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:
კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ხელშეწყობას, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლად და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა: ბაზრის დივერსიფიკაცია, ფერმერთა/მეწარმეთა ბაზარზე ინტეგრაცია, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებას, ეკოსისტემების შენარჩუნებას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მიმართულების ისეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს, როგორიცაა: ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენება, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;
სურსათის/ცხოველის კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფას.
2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავდა და სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საბჭოს მიერ იქნა მოწონებული.
გეგმა 88 აქტივობას ითვალისწინებს და მის განხორციელებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროები არიან პასუხისმგებელი.
უწყების ცნობით, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა.