თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მათ შეეძლოთ შედარებით მარტივად მიეღოთ თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.
კერძოდ, დაკავებულმა ერთ-ერთ პირს 500 დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი, ასევე ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა, თითქოს პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი, გარდა ამისა, ბრალდებულმა გააყალბა ფორმა-100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება), რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.