საქართველოში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა ცვლილებები, რაც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას, რომელიც უნდა შეიქმნას საარჩევნო პერიოდისთვის და რომელშიც უნდა შევიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება: ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის არქონით", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
აღნიშნული ჯგუფი უფლებამოსილია ცესკოს რეკომენდაციები წარუდგინოს დავების გადაწყვეტის პროცესის შესახებ. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი დადგენილების შემთხვევაში, ამ ჯგუფს შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციები, კერძოდ, კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე მონიტორინგი.
კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.
კერძოდ, იმავე სხდომაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს სრული შემადგენლობის ნახევრის მხარდაჭერა.
„ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას", - ნათქვამია კანონპროექტში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება.