მთავარია ტემპი შევინარჩუნოთ - პრემიერი უმუშევრობის შემცირებაზე

სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტემპის შენარჩუნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" უახლეს მონაცემზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 14% შეადგინა, რაც 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.
„უმუშევრობა შემცირდა 50,6 ათასი ადამიანით და შეადგინა 228,6 ათასი ადამიანი. კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10,4 %-ით შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10%-ით და დაახლოებით 448 ათასი ადამიანი შეადგინა.
სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომელიც აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2022 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.