თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას,ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოთა რუსთაველის ძეგლი, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, აშხაბადში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით კულტურული პარკ-კომპლექს „მახტუმკული ფრაგში”დაიდგა.
რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონია კულტურის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციის დღეს დაემთხვა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება თურქმენი მოაზროვნის და პოეტის მახტუმკული ფრაგის დაბადების დღეს - საერთაშორისო კონფერენცია მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას და, ამავდროულად, ნათელი დადასტურებაა ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურული კავშირისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.