როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა

შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფექციის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10.608 აივ-ინფიცირებული პირი, მათგან 7.945 – მამაკაცი და 2.663 – ქალია. სულ გარდაიცვალა 2.263 პაციენტი.
ამასთან, არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
„32% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 14% - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,1% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,4 % - სისხლის რეციპიენტია; 0,5% - გადაცემის გზა დაუდგენელია", - ნათქვამია განცხადებაში.
აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, აფხაზეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, გურია, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.