დარღვევები გზებზე - სტატისტიკა განახლდა

დარღვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,1 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ.
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს:
სიჩქარის გადაჭარბება
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 334.643 ჯარიმა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50 ლარია.
პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
საანგარიშო პერიოდში ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 414.336 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა 10 ლარია, თბილისში - 50 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 143.296 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
ტექდათვალიერების არარსებობა
მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 43.842 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
მოძრაობა საავტობუსე ზოლში
დარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2024 წლის პირველ კვარტალში სულ 43.366 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში საქართველოში 45,2 მლნ ლარის ოდენობის 748,2 ათასი ვიდეოჯარიმა გამოიწერა - პირველ კვარტალში დედაქალაქის მძღოლებმა წესები 358,3 ათასჯერ დაარღვიეს.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 84.849 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს. მართვის უფლების აღსადგენად მძღოლს კვლავ გამოცდების ჩაბარება მოუწევს.