2025 წლიდან საქართველოში სასკოლო განათლების სტრუქტურა შეიცვლება – პროექტი

საქართველოში სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 2025 წლიდან საქართველოში საბაზო განათლებად ჩაითვლება სასკოლო განათლება 9 კლასის ნაცვლად 10 კლასის დამთავრებით, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა.
საქართველოში სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო - 7-9, საშუალო კი 10-12 კლასებს.
აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სავალდებულო განათლების ერთი წლით გაზრდას. პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, მე-9 კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან მე-10 კლასიც დაასრულონ - ეს წესი გავრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მე-9 კლასს 2025 წელს დაამთავრებენ.
გარდა ამისა, პროფესიულ დაწესებულებებს უფლება ექნებათ გააერთიანონ სამწლიანი სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა და გასცენ საშუალო განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული განათლების დიპლომი მხოლოდ მათზე, ვინც ჩაირიცხება 2025 წლის 1 ივლისამდე. 1 ივლისის შემდეგ ჩარიცხულთათვის ახალი წესები იმოქმედებს.
სამინისტროს მოსაზრებით, მე-10 კლასის დასრულებისთვის სკოლის მოსწავლეები უფრო მომზადებული იქნებიან გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად - გააგრძელონ სწავლა სკოლაში ან შეისწავლონ პროფესია.
უწყების ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3,2 ათასამდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, 9 კლასის დასრულებისას მოზარდის ასაკი 14-15 წელზე მოდის, ხოლო შრომის კოდექსით დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ 16 წლიდან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სკოლის დატოვების შემდეგ მოზარდები ხშირად აწყდებიან ისეთ რისკებს, როგორიცაა ადრეული ქორწინება, ასაკისთვის შეუსაბამო დასაქმება, ადამიანებით ვაჭრობა, უკანონო სამიანობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და ა.შ.