რამდენად შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში - ახალი მონაცემები

2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 2022 წელთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა და 53,3 პროცენტით განისაზღვრა
Sputnik
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონემ 2023 წელს 6,2 ათასი ადამიანით დაიკლო (2,3%-იანი კლება) 2022 წელთან შედარებით და 261,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 1,1%-ით და შესაბამისად, 17,6 და 14,6% შეადგინა.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 18,3%-მდე, ქალებს შორის კი 0,7 პროცენტული პუნქტით 14%-მდე.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2023 წელს 53,3% შეადგინა - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53,3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44,5% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა და 31%-ს შეადგენდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 65,1%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი - 1,1 პროცენტული პუნქტით.