ჩინეთი „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას არ გააკეთებს - ელჩი

ჩინეთი მზად არის გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, თუ ის დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ორმხრივ სარგებელსა და თანამშრომლობაზე, განაცხადა ელჩმა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს საშინაო პოლიტიკის ნაწილია, ხოლო ჩინეთი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში არ ერევა, განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას უცხოური ძალის გამტარი ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას არ ეხება, არ ერევა და ასეთ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ამავე დროს ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ამის წინაპირობებიც დაასახელა.
„ჩინეთი ყოველთვის მზად არის პარტნიორობის გასაღრმავებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ურთიერთპატივისცემას, ურთიერთსარგებელსა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩინეთი ყოველთვის მზად არის პრაქტიკული ქმედებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის და მიუკერძოებლობის დაცვას, მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდა.
„ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი“, - აღნიშნა ჭოუ ციენმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ერთ თვეში ამოქმედდება >>
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში 30 დღემდე ვადით დარჩნენ. 2023 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48.304 სტუმარი ეწვია, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს China Southern Airlines-მა საქართველოში 31.258 მგზავრი გადაიყვანა.