სწრაფად დასრულდება - ექსპერტი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესახებ

სხვა თანაბარ პირობებში, დღეს ლარის კურსზე არსებული მდგომარეობა არ არის განპირობებული რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით, მიიჩნევს ექსპერტი.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში აჟიოტაჟი და პანიკა სწრაფად სრულდება, განაცხადა ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7596 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
„აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, აჟიოტაჟი რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორებით არ არის გამოწვეული.
„სხვა თანაბარ პირობებში დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა, არანაირად ფუნდამენტური“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.