გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 ათასი ლარი.
უწყების ცნობით, გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა, გადახურვის ნაშვერების არქონის გამო კი სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.
„პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერგეტის სამება განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებს შორის და ტურისტების დიდი ინტერესითაც სარგებლობს.
ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და დღემდე ერთადერთი ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარია ყაზბეგის რაიონში.
გერგეტის სამება ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)