თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართულ ბანკებს რუსულ საგადახდო სისტემა Unistream-თან მუშაობა არ აღუდგენიათ, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით.
მანამდე Unistream-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ Unistream-მა განაახლა ფულადი გზავნილები საქართველოში, რომელიც 2023 წლის ივლისში შეწყდა. ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა იური ბალაშოვმა გაავრცელა.
„გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია. სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.
ქართულ ბანკებსა და რუსულ საგადახდო სისტემას შორის თანამშრომლობის შეწყვეტას წინ უძღოდა სანქციები, რომელიც 2023 წლის 20 ივლისს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსული ბანკ Unistream-ის წინააღმდეგ დაწესდა.
სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა.
„ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
გარდა ამისა, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.