„მაიდანიზაციას“ ემსახურება: დეპუტატმა ევროკავშირის დიპლომატების აქციაზე გამოსვლა შეაფასა

ამის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რადგან მათთვის საქართველო არ არის სრულიად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მშვიდობას კი არ ემსახურება, არამედ პროცესის „მაიდანიზაციას“, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია Palitrannews-ის ეთერში.
15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.

„გარკვეულ წილად მთელი ეს პროცესი არის მაიდანიზაციის სურათის გამეორება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რასაც ახლა იჩენენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის სუვერენიტეტი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოთხშაბათს საღამოს ლიტვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ მიმართეს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს, სამშაბათს კი შეხვედრების დასრულების შემდეგ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
საუკეთესო ლუსტრაცია – პაპუაშვილი გერმანელი და ლიეტუველი დეპუტატების აქციაზე გამოჩენაზე>>
„თქვენ გგონიათ, რომ გუშინ რომ ოთხი უცხოელი პარლამენტარი იყო, ქვეყანაში სიტუაციის დამშვიდებას შეუწყვეს ხელი? გალანძღეს ის, ვინც იმ მიტინგის მომხრე არ იყო საქართველოში. „ბნელი ოცნებაო“ უწოდეს და მთელი ჩვენი ისტორია ბნელეთისკენ მიმავლად შერაცხეს. თქვენ გგონიათ, ახლა ეს სამი მინისტრი რომ ავა სცენაზე ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას ემსახურება? - ეს ემსახურება სწორედ მაიდანიზაციის პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, მათ ქვეყანაში ვერავინ ვერ ჩავა და ოფიციალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერცერთ მიტინგზე და ვერცერთ ღონისძიებაზე ვერ დაესწრება, მით უმეტეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან კომიტეტის თავმჯდომარე.
„მათ აქვთ ხედვა ასეთი, რომ საქართველო არ არის ბოლომდე სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეიძლება თავს ამის უფლება მისცენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპის ქვეყნების პარლამენტების დეპუტატებს შეხვდნენ ქართველი ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ხელისუფლებიდან მათ არავინ შეხვედრია.
რაც შეეხება ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მათ შეხვდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოპოზიციონერები.
ევროპელი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ემსახურება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას.
„ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ველით - არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ეს კანონი შეიძლება იქნას გამოყენებული სამოქალაქო ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების გასაჩუმებლად.
„ის ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს>>
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.