17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

დღესასწაული კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც შესაძლოა, არ შეეხოს 17 მაისს დასვენების დღე.
„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას“, - აღნიშულია დადგენილების ტექსტში.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
დადგენილება ასევე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ლგბტ თემის დამცველთა აქციები პოლიციის მკაცრი დაცვის ქვეშ იმართება. 2014 წლიდან კი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
დღესასწაული კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. როგორც მაშინ პატრიარქმა განაცხადა, ოჯახი არის „კაცობრიობისა და სახელმწიფოების საფუძველი“. ახლა ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. მსვლელობაში სასულიერო პირები და მოქალაქეები მონაწილეობენ.