თბილისი, 15 მაისი — Sputnik.სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 14 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან სამის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი დაკავების იზოლატორებში ყველა დაკავებული მოინახულეს. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მომჩივანი არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ საპოლიციო ძალებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე 13 პირი მას შემდეგ დააკავა, რაც პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
შსს-ს ვერსიით, დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული რკინის დამცავი კონსტრუქციები მიზანმიმართულად დააზიანა, რის შედეგადაც მათ შეძლეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, მათ საკანონმდებლო ორგანის შენობაზე საღებავებით სხვადასხვა წარწერები გააკეთეს.
აქციის დროს დააკავეს აქტივისტები დავით ქაცარავა და ლაზარე გრიგორიადი - გრიგორიადისმა ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება აპრილის ბოლოს დატოვა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი მას შემდეგ შეიწყალა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის 9 წლით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებზე მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი პირველად დააინიცირა. მაშინ, პროტესტის ფონზე, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, ხელისუფლებამ კანონი უკან გაიწვია.
სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 15 აპრილიდან იმართება. წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.